HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

08.07.2010 მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორის მოვალეობას ირაკლი სონგულია შეასრულებს


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორი, დავით გიორგაძე მიმდინარე წლის 5 ივლისიდან დაინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ. ასოციაციის წესდების მიხედვით, დირექტორის გადადგომის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს დირექტორის მოადგილე, სანამ ასოციაციის წევრთა საერთო კრება ახალ დირექტორს აირჩევს.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორის მოადგილე და ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი სონგულია ასოციაციაში მუშაობს 2001 წლიდან; იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების მშენებლობასთან დაკავშირებული რამდენიმე პროექტის მენეჯერი, რომელთა ფარგლებშიც ხორციელდებოდა მიწის რეგისტრაციის ხელშემწყობი სამუშაოები სამშენებლო დერეფანში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დადება, ათასობით მიწის მესაკუთრესთან მოლაპარაკებების წარმოება და კომპენსაციების გაცემა.

მისი ხელმძღვანელობით მომზადდა განსახლების ჩარჩო თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტისთვის და გადაეცა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს და “საქართველოს რკინიგზას”.

ირაკლი სონგულია არის ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის სამშენებლო დერეფანში მიწის ნაკვვეთების გამოსყიდვის ხელშეწყობის პროექტის მენეჯერი და კოორდინირებას უწევს რკინიგზის ზოლში კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაციასა და მონაცემთა ბაზის შექმნას, მიწის შესყიდვის და მოსავლის კომპენსაციის სახელმძღვანელოს მომზადებას.

ირაკლი სონგულია ასევე ხელმძღვანელობს სხვადასხვა მსხვილ- და მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია განსახლების გეგმების მომზადებასა და განხორციელებაზე, უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობაზე, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვაზე და სხვა.