HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

08.10.2008 ხელი მოეწერა უძრავი ქონების აგეგმვისა და შეფასების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმებს


თბილისი - 7 ოქტომბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში” უძრავი ქონების ამზომველთა და შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამების პრეზენტაციაზე მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ (APLR) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს ბანკების ასოციაციასთან ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს. მემორანდუმები ითვალისწინებს უძრავი ქონების აგეგმვისა და შეფასების სფეროების განვითარებას და უძრავი ქონების ბაზრის პროფესიული მომსახურებით უზრუნველყოფას.

APLR, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, ახორციელებს უძრავი ქონების ამზომველთა და შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცირების პროექტს, რომლის მიზანია უძრავი ქონების ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვა.

APLR-ის და შესაბამისი სფეროების კვალიფიციური ექსპერტების მიერ შემუშავდა უძრავი ქონების ამგეგმავთა და შემფასებელთა  პროფესიული მომზადების და სერტიფიცირების პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე სპეციალისტებს მიიღონ შესაბამისი თეორიული ცოდნა, გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მომხმარებელს მიაწოდონ მაღალკვალიფიციური მომსახურება.

ვახტანგ ლეჟავამ, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ამაღლობელმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ჯაბა ებანოიძემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ გვასალიამ, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, შეაფასეს აღნიშნულ სფეროებში გაწეული საქმიანობა. აღინიშნა, რომ უძრავი ქონების ამზომველთა და შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამების შემუშავება და სპეციალისტების სერტიფიცირების დაწყება წინგადადგმული ნაბიჯია უძრავი ქონების ბაზრის, საბანკო სექტორის და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის; ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებული საქმიანობის გაგრძელება და დაინტერესებული მხარეების ერთობლივი მცდელობების გაძლიერება აღნიშნულ სფეროებში მომსახურების ხარისხის  გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისთვის.  

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის დენ ბერკშაიას განცხადებით პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარებისთვის; უძრავი ქონების ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს ინვესტორთა ნდობის ზრდას და ეკონომიკის განვითარებას.