HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

20.03.2008 საქართველოში უძრავი ქონების შეფასების სფერო აუცილებლად უნდა განვითარდეს


2008 წლის 18 მარტს ეროვნულ ბანკში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოში უძრავი ქონების შეფასების სფეროში მიმდინარე საქმიანობების შესახებ. პრეზენტაცია ჩატარდა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის და საქართველოს ბანკების ასოციაციის ინიციატივით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის მხარდაჭერით.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, კომერციული ბანკების,  საფინანსო ინსტიტუტებისა  და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, ისაუბრეს უძრავი ქონების შეფასების სფეროში არსებულ სიახლეებსა და საჭიროებებზე. აღინიშნა, რომ უძრავი ქონების ბაზრის მზარდი განვითარების პარალელურად პროფესიონალი შემფასებლების მომსახურება სულ უფრო საჭირო ხდება საბანკო კრედიტების უძრავი ქონებით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დაზღვევის, სახელმწიფოს მიერ უძრავი ქონების დაბეგვრის, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო გადაწყვეტლების მიღების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს. გამოიკვეთა ის ძირიათდი საკითხები, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე უნდა გადაიჭრას. ესენია: შეფასების ერთიანი საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება, საკანონმდებლო რეგულირება და უძრავი ქონების გაყიდვების მონაცემთა ბაზის შექმნა.

პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის უძრავი ქონების ამზომველთა და შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცირების პროექტი,  რომელიც კოორდინირებას უწევს საქართველოში უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ითვალისწინებს უძრავი ქონების შემფასებელთა სერტიფიცირებას ISO სტანდარტების შესაბამისად. 

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზდენტმა ზურაბ გვასალიამ აღნიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები უძრავი ქონების მაღალპროფესიულ დონეზე შეფასების უზრუნველყოფისათვის და ბანკების ასოციაციის სახელით გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან შეფასების სფეროს განვითარების და არსებული პრობლემების გადაჭრისათვის.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელის დენ ბერკშაიას განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონების შეფასების სფეროს განვითარებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ, რომელმაც უნდა შეასრულოს შუამავლის როლი ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს შორის. აუცილებელია ამ მიმართულებით საქმიანობა უფრო აქტიურად გაგრძელდეს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.