HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

16.01.2008 სასოფლო მიწის კატეგორიის შეცვლის პროცესი მარტივდება


 საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 7 დეკემბერს ცვლილებები შეიტანა კანონში  “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”.  ამ ცვლილებების მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის (სახნავი, სათიბი, საძოვარი) შეცვლის ფუნქცია, რომელსაც  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებდა. 

აღნიშნული ცვლილების  შედეგად გამარტივდა სასოფლო მიწის კატეგორიის შეცვლის პროცესი. კერძოდ, ერთი კონკრეტული ორგანო უზრუნველყოფს როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების, ასევე კატეგორიის შეცვლას. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ კი “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ” კანონის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის მიზნობრივი დანიშნულების (სასოფლო მიწა, არასასოფლო მიწა) შეცვლის ფუნქციაც (გარდა სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების და ქალაქ თბილისისა და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა, რომელთა მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო).

ალექსანდრე გვარამია, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის სამართლებრივი ანალიტიკოსი: აღნიშნული ცვლილება საბოლოოდ დაასრულებს იმ საკანონმდებლო ვაკუუმს, რაც უკვე სამ წელზე მეტია გრძელდებოდა. თავის დროზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის შეცვლის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თუმცა, არსებობდა მრავალი ბიუროკრატიული ბარიერი, რაც თვეობით ახანგრძლივებდა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას. მიწის მართვის დეპარტამენტის გაუქმების შემდეგ ეს ფუნქცია ჯერ გადაეცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ხოლო მოგვიანებით - სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ იმის გამო, რომ არ არსებობდა ამ საკითხის მარეგულირებელი არანაირი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტები, რეალურად ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ვერ ხორციელდებოდა სასოფლო მიწის კატეგორიის შეცვლა, რაც გარკვეულწილად აფერხებდა სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარებას.

აღნიშნული ცვლილებით შესაძლებელი გახდება გამარტივებული წესით და უმოკლეს ვადებში განხორციელდეს სასოფლო მიწის კატეგორიის შეცვლა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც დღესდღეობით ფლობს  ინფორმაციას საქართველოში არსებული სასოფლო მიწის ნაკვეთების შესახებ, ამ პროცესს გაცილებით ეფექტიანად განახორციელებს.