HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

14.08.2007 უძრავი ქონების კონკურსის და იჯარა-გამოსყიდვის წესით პრივატიზების ფორმები უქმდება


2007 წლის 3 აგვისტოს ამოქმედდა საქართველოს კანონი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, რომლის საფუძველზედაც სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება განხორციელდება მხოლოდ აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით.

კანონი მიღებული იქნა თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრისა  და  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და განკარგვის ერთიანი წესის ჩამოყალიბების მიზნით.  შესაბამისად, კანონის სათაური  “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ”  შეიცვალა სათაურით: “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ”.

კანონის მიხედვით გაუქმდა სახელმწიფო ქონების კონკურსის და იჯარა-გამოსყიდვის წესით პრივატიზების ფორმები. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება განხორციელდება აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით.

სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით პრივატიზების ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის წესით პრივატიზებას - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

სახელმწიფო/თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და საქართველოს პრეზიდენტი. პირდაპირი მიყიდვა შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის გზით.

სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების კონკურენტული შერჩევის გზით პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველის მთავრობის წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, მათ შორის, თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო - თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

კონკურენტული შერჩევის გზით სახელმწიფო/თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვა განხორციელდება, თუ დაინტერესებული პირი დააკმაყოფილებს პრივატიზებისთვის დადგენილ პირობებს.

სახელმწიფო ქონების/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

კანონი ასევე ადგენს ქონების აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის წესით განკარგვის ვადებს, ხელშეკრულების გაფორმების წესებს და გადახდის პირობებს.

მიწა, რომელიც საკუთრების უფლებით გადაცემას ექვემდებარება “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის შესაბამისად, საკუთრებაში გადაიცემა ამ კანონით დადგენილი წესით1.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას,  მისი პრივატიზება განხორციელდება  ‘სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად” (2005 წლის 8 ივლისი).

_____________________________________________________

1კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების და შესაბამისად “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება 2007 წლის სექტემბრამდე უნდა დამტკიცდეს.