HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

22.05.2007 კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებისას მოიჯარეს უპირატესი შესყიდვის უფლება აღარ ექნება


საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 22 ივნისს ცვლილებები შეიტანა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სკუთრების შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც გაუქმდა კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო მიწის მოიჯარის მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებით კანონიდან ამოღებული იქნა მე-10 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ “1. საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მოიჯარეს, თუ იგი თვითონ უძღვება ამ მეურნეობას. 2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მოიჯარეს. მოიჯარის მიერ შესყიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მისი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან/და მოიჯარეს”.
 
ეს ცვლილება არ ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო მიწის მოიჯარეებს, რომელთა უპირატესი შესყიდვის უფლებას ადგენს კანონი
“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის შესახებ”.

აღნიშნული ცვლილებებით ასევე გაუქმდა საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, მიწის დაუმუშავებლობისათვის არსებული სანქციები, აგრეთვე ნორმა, რომელიც ეხება მიწის ნაკვეთის გასხვისების აკრძალვას, თუ გასხვისების შედეგად დარჩენილი მიწის ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებია.

ცვლილებები ითვალისწინებს უცხოელის და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის უფლების შეზღუდვას საკუთრებაში იქონიოს სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწა. შეზღუდვა გულისხმობს, რომ უცხოელი და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ვალდებულია მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში.  თუ უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირი დაარღვევს აღნიშნულ შეზღუდვას, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და სათანადო კომპენსაციის გადახდის შემდეგ მას სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

აღნიშნული ცვლილებების მიზანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა უფლებების შემზღუდველი ნორმების გაუქმება და მიწის საკუთრების მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემოს ოპტიმიზაცია.

”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები  ძალში შევა გამოქვეყნებისთანავე.