HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

04.03.2007 სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ეთნიკური ოსები დაკარგულ ქონებას იბრუნებენ


ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ითანამშრომლებენ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ეთნიკური ოსებისათვის ქონების რესტიტუციის პროცესის დასაწყებად. 2007 წლის 2 მარტს  ასოციაციამ და სამინისტრომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის საფუძველზედაც  საპრეზიდენტო პროგრამა “ჩემის სახლის” ფარგლებში შესრულდება ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 90-იანი წლების დასაწყისში არსებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ეთნიკური ოსებისათვის ქონების რესტიტუციის პროცესის დასაწყებად საჭირო სამუშაოები, რაც მოიცავს დასაბრუნებელი ქონების საკადასტრო-საინვენტარიზაციო სამუშაოებს და რესტიტუციის მოსურნე პირებთან საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებას.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ ასოციაცია სამინისტროს მხარდაჭერით უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით სარესტიტუციო ქონების საკადასტრო ინვენტარიზაციის დასრულებას და  საინვენტარიზაციო მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელიც მოიცავს მიწის ნაკვეთისა და შენობის ნახაზს, აერო-ფოტოსურათს, ორ ჩვეულებრივ ფოტოსურათს, ყოფილი მოსარგებლის მონაცემებს, არსებულ მდგომარეობას და სხვა ხელმისაწვდომ ინფორმაციას.

ასოციაცია, ჩრდილოეთ ოსეთში (რუსეთის ფედერაცია) მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ასევე უზრუნველყოფს გადაადგილებული ეთნიკური ოსური მოსახლეობის ინფორმირებას რესტიტუციის ინიციატივისა და კანონის მიერ დადგენილი მექანიზმის შესახებ; სარესტიტუციო დეკლარაციების შეგროვების დაწყებას და ერთიან ციფრულ მონაცემთა ბაზებში ინტეგრირებას.

აღსანიშნავია, რომ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია უკვე ახორციელებს პროექტს რესტიტუციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით.

რესტიტუციის პროცესი წარიმართება “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ” საქართველოს კანონის და ,,ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 1991-1992 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან საქართველოს რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ გადაადგილებულ და დაზარალებულ პირთა უძრავი ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.