English version |
|
|||
|
22.05.2007 კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებისას მოიჯარეს უპირატესი შესყიდვის უფლება აღარ ექნებასაქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 22 ივნისს ცვლილებები შეიტანა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სკუთრების შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც გაუქმდა კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო მიწის მოიჯარის მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებით კანონიდან ამოღებული იქნა მე-10 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ “1. საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მოიჯარეს, თუ იგი თვითონ უძღვება ამ მეურნეობას. 2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მოიჯარეს. მოიჯარის მიერ შესყიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მისი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან/და მოიჯარეს”. აღნიშნული ცვლილებებით ასევე გაუქმდა საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, მიწის დაუმუშავებლობისათვის არსებული სანქციები, აგრეთვე ნორმა, რომელიც ეხება მიწის ნაკვეთის გასხვისების აკრძალვას, თუ გასხვისების შედეგად დარჩენილი მიწის ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებია. ცვლილებები ითვალისწინებს უცხოელის და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის უფლების შეზღუდვას საკუთრებაში იქონიოს სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწა. შეზღუდვა გულისხმობს, რომ უცხოელი და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ვალდებულია მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში. თუ უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირი დაარღვევს აღნიშნულ შეზღუდვას, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და სათანადო კომპენსაციის გადახდის შემდეგ მას სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ცვლილებების მიზანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა უფლებების შემზღუდველი ნორმების გაუქმება და მიწის საკუთრების მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემოს ოპტიმიზაცია. ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები ძალში შევა გამოქვეყნებისთანავე.
|
|||
|