HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება

     


სტატუსი:  პროექტის განხორციელება შეწყვეტილია

სრული დასახელება: ტყითსარგებლობის ზონირების გეგმების შემუშავება არსებული ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ბაზისის (კარკასის) საფუძველზე (სტატისტიკური მეთოდით ტყის ინვენტარიზაცია)

განხორციელების ადგილი: თეთრიწყარო, დმანისი, ბოლნისი, მარნეული

განხორციელების ვადა: სექტემბერი, 2006 - დეკემბერი, 2007

დაფინანსების წყარო: მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტო


პროექტის მოკლე აღწერა

საქართველოში სატყეო სექტორის დაგეგმვისა და მართვის გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. დღეისათვის არ არსებობს როგორც განახლებული, სრულყოფილი ინფორმაცია ტყის რესურსების შესახებ, ასევე ტყის მენეჯმენტის გეგმები, რომლებიც აუცილებელია სატყეო საქმიანობის, მათ შორის, ტყის გზების მშენებლობის, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის, ტყეების აღდგენის ეფექტიანად წარმართვისათვის. ტყის რესურსების უკონტროლო გამოყენება ზიანს აყენებს გარემოს და იწვევს ბუნებრივი რესურსების დეგრადაციას ქვეყნის დიდ ტერიტორიებზე. აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით ტყის რესურსების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, ტყის რესურსების ინვენტარიზაცია, შესაბამისი მონაცემთა ბაზების შექმნა და ტყის მართვის ეფექტიანი გეგმების შემუშავება.

ტყის ინვენტარიზაციის პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ტყის განვითარების პროექტის ნაწილია, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი უზრუნველყოფს ტყის ინვენტარიზაციას ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრინციპის საფუძველზე ქვეყნის 20 სატყეო მეურნეობაში.

პროექტი მოიცავს ქვემო ქართლის რეგიონის ტყეებს, რომელთა საერთო ფართობი 129,000 ჰექტარია. პროექტის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აანალიზებს ტყის რესურსების შესახებ არსებულ მონაცემებს და ტყის მენეჯმენტის გეგმებს, ანგარიშებსა და მიწათსარგებლობის გეგმებს; უზრუნველყოფს ტყის ინვენტარიზაციის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრინციპის ადაპტირებას ადგილობრივ პირობებთან, ახდენს სატყეო რუკებზე სხვადასხვა კატეგორიის ტყეების საზღვრების განახლებას. ასოციაციის ექსპერტები აზომვით სამუშაოებს ასრულებენ შერჩეულ ტერიტორიებზე და მიღებული ინფორმაცია შეაქვთ კორექტირებულ სატაქსაციო ბარათებში; ატარებენ კოლექტიურ ტრენინგებს ტაქსაციის ახალი მეთოდების შესახებ; აერო-ფოტოების ანალიზის საფუძველზე ადგენენ ჰომოგენურ სატაქსაციო ფართობებს, ახორციელებენ ტყის ტერიტორიების ფუნქციონალურ ზონირებას და ტყის რესურსების ინვენტარიზაციას, კერძოდ, განსაზღვრავენ ტყეების ტიპებსა და შემადგენლობას, სამრეწველო ფუნქციებს, დომინანტურ და იშვიათ სახეობებს, ნიადაგის ტიპებს და მდგომარეობას, არსებული გზების ქსელს მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით; ასევე შეისწავლიან ადგილობრივი მოსახლეობის და ტყით მოსარგებლეების მოთხოვნილებას ხე-ტყის რესურსებზე და საშეშე მასალაზე, აგრეთვე მათ მიერ ხე-ტყის დამზადებისას გამოყენებულ მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე; უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას ტყის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, ამზადებენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს შემდგომი ექსპერტიზისათვის.

პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს ტყის მართვის სისტემის მდგრად განვითარებას, ბუნებრივი რესურსების მიზანშეწონილ ექსპლუატაციასა და გარემოს ეფექტიანად დაცვას.