HomeMap
APLR
 
English version

სახელმძღვანელოები

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის გამოცემების მომხმარებლები არიან როგორც მიწის/უძრავი ქონების სფეროში მომუშავე ექსპერტები და პროფესიონალები, ასევე უბრალო მიწის მესაკუთრეები და ფერმერები. ასოციაციის გამოცემები განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, გამოირჩევა გასაგები, პოპულარული ენით და მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის ინტერესებს.

1997 წლიდან დღემდე ასოციაციამ მოამზადა რამდენიმე გამოცემა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მიწის კანონმდებლობის განმარტებები, მიწის გადასახადები, უძრავი ქონების რეგისტრაცია და ფერმერულ მეურნეობასთან დაკავშირებული ასპექტები. 



სახელმძღვანელო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზების წესის შესახებ, 2011


სახელმძღვანელო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზების წესის შესახებ მომზადებულია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით. 

სახელმძღვანელო  ეხება ”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების  სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის, სახელმწიფო ქონების აუქციონის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების წესებს; აუქციონებში მონაწილეობის პირობებს; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებს, იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სასოფლო მიწის პრივატიზების წესებს; სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების ფორმებს; დასახლებების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებას; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებს.

სახელმძღვანელო საშუალებას მისცემს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების კანონით დადგენილ პროცედურებზე და ამ პროცესში მათ უფლებებსა და მოვალეობებზე.



როგორ ვიყიდოთ მიწა, 2009

ბროშურა – როგორ ვიყიდოთ მიწა – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიწის ბაზრის განვითარების  პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ბროშურაში დეტალურადაა აღწერლი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის, კერძოდ, იჯარით გაცემული მიწის გამოსყიდვის, სპეციალურ და ღია აუქციონებზე და პირდაპირი მიყიდვის წესით მიწის  შეძენის პროცედურები. ბროშურა გაუადვილებს სასოფლო მიწის შესყიდვით დაინტერესებულ ფერმერებს, მოიჯარეებს, კერძო ინვესტორებს და უძრავი ქონების ბაზრის სხვა მონაწილეებს შეიძინონ საქართველოში არსებული საპრივატიზებო სასოფლო მიწა. 


მიწის გამოსყიდვისა და კომპენსაციის სახელმძღვანელო, 2009

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით  შეიმუშავა  მიწის გამოსყიდვისა და კომპენსაციის სახელმძღვანელო, რომლის  მიზანია ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტების განხორციელებისას მოსახლეობაზე  უარყოფითი ეკონომიკური  და სოციალური ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება და სახელმწიფოს  მიერ მიწების გამოსყიდვისას ადეკვატური და სამართლიანი კომპენსირების უზრუნველყოფა.

სახელმძღვანელოში დეტალურადაა აღწერილი მიწის ფასის განსაზღვრის, მიწაზე მოსავლიანობის დადგენის და ამ მოსავლის კომპენსირების, შენობა-ნაგებობების და სხვა უძრავი ქონების შეფასების, არაეკონომიკური (ობოლი) მიწის ნაკვეთების განსაზღვრის და შეფასების მეთოდები და პროცედურები.

სახელმძღვანელოს გამოყენება შესაძლებელია როგორც სახელმწიფოს, ასევე ადგილობრივი  და უცხოელი  ინვესტორების მიერ სხვადასხვა  საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით განსახლების გეგმების მომზადებისას.


სახელმძღვანელო სათემო ორგანიზაციებისათვის, 2004

სახელმძღვანელო სათემო ორგანიზაციებისათვის მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ მიწის საერთაშორისო კოალიციის დახმარებით მოამზადა და გამოსცა. სახელმძღვანელო ერთ-ერთი პირველი გამოცემაა საქართველოში, რომლის მიზანია სათემო ორგანიზაციების და ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობა.

სახელმძღვანელოში თავმოყრილია ის ძირითადი საკანონმდებლო აქტები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია სათემო კავშირების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის; დეტალურადაა განხილული სათემო კავშირის არსი, სტრუქტურა, უფლება-მოვალეობები და როლი სამოქალაქო საზოგადოებაში; სათემო ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებული საკითხები, მისი მართვის პრინციპები და საშუალებები. ამასთან ერთად სახელმძღვანელო დეტალურად მიმოიხილავს სათემო ორგანიზაციების ურთიერთობას ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოებთან, საგადასახადო კოდექსს, მიწისა და ბუნებრივი რესურსების მართვისა და კერძო არბიტრაჟის საკითხებს, ყველა იმ პრობლემას, რომელსაც სათემო ორგანიზაციები შეიძლება წააწყდნენ თავიანთ საქმიანობაში. წიგნში ასევე მოცემულია სხვადასხვა ხელშეკრულებების ფორმები, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს როგორც სათემო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობას. სახელმძღვანელო გამოადგებათ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ახორციელებენ სათემო მობილიზაციის პროექტებს.


მიწის გადასახადის ცნობარი, 2003

ცნობარი განკუთვნილია მიწის მესაკუთრეებისა და მოსარგებლეებისათვის, ასევე მიწაზე ქონების გადასახადით დაინტერესებული სხვა პირებისათვის. მისი მიზანია ადვილად გასაგები გახადოს საქართველოში მოქმედი საგადასახადო კოდექსის, სამოქალაქო კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების დებულებები და ამ დებულებებით დადგენილი პროცედურები.

ცნობარი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიწაზე ქონების გადასახადთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას, ასევე ინფორმაციას გადასახადის გადამხდელების, დასაბეგრი ობიექტების, გადასახადის განაკვეთების, საგადასახადო შეღავათების, გადასახადის გადახდისა და ბიუჯეტის სასარგებლოდ მისი ამოღების, საჯარიმო სანქციების შესახებ.


ფერმერის იურიდიული სახელმძღვანელო, 2003

ფერმერის იურიდიული სახელმძღვანელო, რომელიც ევრაზიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა, მიზნად ისახავს მიწის მესაკუთრეებისათვის ფერმერულ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ფერმერულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტები: მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის, ყიდვა-გაყიდვის, არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების და პირველადი რეგისტრაციის პროცედურები, მიწასა და უძრავ ქონებაზე საიპოთეკო გარიგების დადების წესი, მიწის გადასახადები, კრედიტებზე ხელმისაწვდომობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ტრანსპორტირების ნებართვების მიღების პროცედურები, მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის, მიწის იჯარის და გირავნობის ხელშეკრულებების ნიმუშები, რაც ეხმარება ფერმერებს კომერციული ურთიერთობების ადეკვატურად წარმართვასა და რეგულირებაში. სახელმძღვანელო ასევე შეიცავს საფინანსო, სახელმწიფო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაციას, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს ფერმერებისთვის კომერციული საქმიანობის დაგეგმვისას. სახელმძღვანელო დაწერილია მარტივი და გასაგები ენით და დართული აქვს იურიდიული ტერმინების ჩამონათვალი განმარტებებით.

ფერმერები თვლიან, რომ სახელმძღვანელო წარმოადგენს მრავალმხრივად საინტერესო ინფორმაციის კრებულს. სახელმძღვანელოში აღწერილი პროცედურების გაცნობის შედეგად მათ მნიშვნელოვნად უადვილდებათ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობა და კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება.


მიწის კანონმდებლობის ტერმინოლოგია, 2002

მიწის კანონმდებლობის იურიდიული ტერმინოლოგიის ცნობარი განკუთვნილია მიწის მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. წიგნში მოცემულია იმ იურიდიული ტერმინების განმარტებები, რომლებიც საქარველოს კანონმდებლობაში გამოიყენება.

ტერმინების ინტერპრეტაციის გარდა, ცნობარში აღწერილია ის სამართლებრივი პირობები, რომლებიც თითოეულ ტერმინს ახასიათებს.

საქართველოს მიწის კანონმდებლობაში გამოყენებული 36 ტერმინი დაყოფილია სამ პარაგრაფად, იმ საკანონმდებლო აქტების მიხედვით, რომლებშიც თავმოყრილია მიწის კანონმდებლობისათვის დამახასიათებელი იურიდიული ტერმინოლოგიის დიდი ნაწილი. პირველი პარაგრაფი ეთმობა სამოქალაქო კოდექსს; მეორე - საქართველოს კანონს მიწის რეგისტრაციის შესახებ, მესამე - საქართველოს კანონს სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ.

ცნობარს თან ერთვის სააღრიცხვო ბარათის, საკადასტრო რუკის, საკადასტრო გეგმის, სარეგისტრაციო განცხადების და სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშები.


როგორ გავყიდოთ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც დაკავშირებულია მეწარმეობასთან, 1999

 ცნობარი განკუთვნილია იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც სარგებლობენ, ფლობენ ან განკარგავენ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

ცნობარში განხილულია ის ზოგადი საკითხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია არასასოფლო მიწის ნაკვეთის გასხვისებისას; აღწერილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ცალკე და მასზე განლაგებულ უძრავ ქონებასთან ერთად გაყიდვის პროცედურა, ასევე - მიწის ნაკვეთის გაყიდვის გარიგებაში მონაწილე მხარეთა კომპეტენცია. ცნობარს დართული აქვს სხვადასხვა სახის ხელშეკრულების ნიმუშები, მათ შორის, კომერციული დანიშნულების მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე თანამესაკუთრეთა თანხმობის ფორმა და სხვადასხვა სახის იურიდიული პირების კრების ოქმის ფორმები.


არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საწარმოს) მიწის იპოთეკით დატვირთვის ბუკლეტი, 1999

საწარმოს მიწის იპოთეკით დატვირთვის ბუკლეტი ეხმარება იმ მიწის მესაკუთრეებს, რომელთაც სურთ უძრავი ქონების დაგირავება სესხის მიღების მიზნით. ბუკლეტში მოცემულია მოკლე ინფორმაცია იპოთეკის შესახებ და აღწერილია ის პროცედურები, რომლებიც უნდა დაიცვან იპოთეკარმა და მოვალემ საიპოთეკო ხელშეკრულების დადებისას და იპოთეკის გარიგების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას.

ბუკლეტში ასევე განხილულია იპოთეკის ხელშეკრულების დადების და ნოტარიულად დამოწმების სხვადასხვა იურიდიული ასპექტები, წარმოდგენილია საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი.

ბუკლეტს დართული აქვს იმ დოკუმენტების ფორმები, რომლებიც საჭიროა არასასოფლო მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის.


არასასოფლო-სამეურნეო (საწარმოს) მიწის პრივატიზაციის და რეგისტრაციის ცნობარი, 1999

ცნობარის მიზანია დაეხმაროს მეწარმეებს მათ მფლობელობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და პირველად რეგისტრაციაში.

ცნობარში აღწერილია საფეხურებრივი ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ერთჯერადი საზღაურის გადახდა და როგორ უნდა დარეგისტრირდეს საკუთრების უფლება “არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის შესაბამისად. ცნობარს თან ერთვის აღნიშნული კანონი და სხვა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. 
  

ცნობარი მიწის მესაკუთრეთათვის (საკანონმდებლო აქტთა კრებული), 1997

მიწისა და უძრავი ქონების მესაკუთრეების საკანონმდებლო აქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით მოამზადა და გამოსცა ცნობარი მიწის მესაკუთრეებისათვის. ცნობარში წარმოდგენილია 1997 წლისათვის საქართველოში მოქმედი მიწასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი კანონი და კანონქვემდებარე აქტი, მათ შორის, საქართველოს კანონები იჯარის შესახებ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ, მიწის რეგისტრაციის შესახებ და სხვა.

სახელმძღვანელო სათემო ორგანიზაციებისთვის, 2004