HomeMap
APLR
 
English version

საზოგადოებასთან ურთიერთობა

        


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: ხანჩალის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მიწის ნაკვეთების შესყიდვისა და კომპენსაციების გაცემის გეგმის მომზადება

განხორციელების ადგილი: ნინოწმინდის რაიონი, ჯავახეთი

განხორციელების ვადა: ივლისი, 2006 - სექტემბერი, 2006

დაფინანსების წყარო: საქართველოს ველური ბუნების შენარჩუნების ცენტრი


პროექტის მოკლე აღწერა

ხანჩალის ტბა, რომელიც მდებარეობს ჯავახეთში, საქართველოს სამხრეთ ნაწილში, გლობალური მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიაა და უნიკალური ბიომრავალფეროვნებით ხასიათდება. მრავალი გადაშენების პირას მყოფი ფრინველის სახეობა იყენებს ამ ტბას საბინადროდ გამრავლების პერიოდში ან შესაჩერებლად მიგრაციის დროს. 1979 წლისათვის ტბის ფართობი 1300 ჰექტარს შეადგენდა, როდესაც დაიწყო ტბის ხელოვნურად დაშრობა დამბის მშენებლობის მიზნით. დამბის კონსტრუქციით ტბა ორ ნაწილად გაიყო. 1985 წელს ტბის შედარებით პატარა ნაწილი წყლით ამოავსეს, ხოლო მეორე ნაწილს სასოფლო-სამეურნეო მიწად იყენებდნენ. 1990-იან წლებში ტბის დამშრალი ნაწილი გადაეცა ადგილობრივი სოფლების მოსახლეობას კერძო საკუთრებაში, რამაც გამოიწვია ეკოლოგიური ბალანსის დარღვევა. დღესდღეობით შეიმჩნევა სერიოზული მიკროკლიმატური ცვლილებები, რაც ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს როგორც გარემოზე, ისე მიმდებარე ტერიტორიების სოფლის მეურნეობაზე.

ტბის ბუნებრივი ზომების აღდგენის მიზნით საქართველოს ველური ბუნების შენარჩუნების ცენტრმა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან დადო კონტრაქტი ხანჩალის ტბის დამშრალი ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების მოსახლეობისგან შესყიდვის/კომპენსაციების გაცემის გეგმის მოსამზადებლად.

პროექტის ფარგლებში ასოციაცია ახორციელებს საველე სამუშაოებს ხანჩალის ტბის ტერიტორიაზე და ადგენს მიწის ნაკვეთების ოფიციალურ და არაოფიციალურ მესაკუთრეებს, საკადასტრო სამუშაოების შედეგებს ასახავს ორთოფოტოებზე და ადგენს ტბის საზღვრებს 1979 წლის მდგომარეობით; ადგენს მიწის ნაკვეთების სამართლებრივ სტატუსს და იმ მოსავლის სახეობებს, რაოდენობასა და ფასებს, რომელიც ამ ტერიტორიაზე მოჰყავთ. ზოგად სტატისტიკურ მონაცემებზე, საბაზრო კვლევასა და ფერმერებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე დგინდება ამ მიწის ნაკვეთებიდან მიღებული საშუალო წლიური შემოსავალი.

ასოციაცია ამზადებს კომპენსაციების გაცემის გეგმას და რეკომენდაციებს კომპენსირების პროცესის წარმართვის, საზოგადოების ინფორმირების, სამართლებრივი პროცედურების განხორციელების და გარიგებების დადების შესახებ.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ხანჩალის ტბის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით განხორციელებული საერთო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილია.