HomeMap
APLR
 
English version

საზოგადოებასთან ურთიერთობა

         


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: მარნეულის, ბოლნისის და დმანისის მოსახლეობის სამართლებრივი კონსულტაციებით უზრუნველყოფა/საზოგადოების ინფორმირება

განხორციელების ადგილი: ქვემო ქართლის რეგიონი

განხორციელების ვადა: მაისი, 2006 - მარტი, 2010

დაფინანსების წყარო: ეუთო, კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო



პროექტის მოკლე აღწერა 

ქვემო ქართლი, საქართველოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული, მჭიდროდაა დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით. მიწის საკუთრებასთან, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საბაჟო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები რეგიონში საკმაოდ ხშირია, რაც იწვევს ადგილობრივ მოსახლეობასა და სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთობების გაუარესებას. დაძაბულობა ჩვეულებრივ მწვავდება, როდესაც ირღვევა ეთნიკური უმცირესობების უფლებები. გადაუჭრელი სამართლებრივი დავები და მოუგვარებელი ეკონომიკური საკითხები არასწორ დამოკიდებულებებს წარმოშობს და ხშირად ეთნიკურ პრობლემებად მიიჩნევა.

პროექტის მიზანია ქვემო ქართლის მოსახლეობისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა, მათი ინფორმირება რეგიონში არსებული  სპეციფიკური პრობლემების შესახებ და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზების გამოძებნა.

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად მარნეულში გაიხსნა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთობლივი ოფისი - მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი. ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური იურისტებით, რომლებიც საუბრობენ აზერბაიჯანულად და ამგვარად ხელს უწყობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას. დაინტერესებულ კერძო პირებს, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს და რეგიონში მომუშავე კერძო კომპანიებს სპეციალურად გამოყოფილ სამუშაო საათებში შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები და რჩევა მათთვის საინტერესო საკითხებსა და პრობლემებზე.

კვირაში ორჯერ ასოციაციის მობილური ჯგუფი გადის რეგიონის სოფლებში და ატარებს შეხვედრებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით. ამ შეხვედრებზე მობილური ჯგუფი განსაზღვრავს მოსახლეობის წინაშე მდგარ სპეციფიკურ პრობლემებსა და საკითხებს, რომლებიც შესაძლოა გახდეს სპეციალური განხილვის საგანი. შერჩეული პრობლემის განხილვა ეწყობა თვეში ერთხელ მარნეულის საკონსულტაციო ცენტრში, რომლის დროსაც მოსახლეობა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ერთად განიხილავენ პრობლემას და ეძებენ გადაწყვეტის გზას. ასეთი მიდგომა აახლოებს ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის წარმომადგენლებთან და ხელს უწყობს მათ შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის წარმომადგენლებს შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ საკონსულტაციო ცენტრის ცხელი ხაზით და დააფიქსირონ ნებისმიერი საჩივარი, პრობლემა ან უფლების დარღვევა და მიიღონ რჩევა და დახმარება. ჟურნალი ”მიწის მესაკუთრე”, სპეციალური ბროშურები, ადგილობრივი ტელევიზია და რადიო გამოიყენება საკონსულტაციო ცენტრის მომსახურების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

პროექტი ხელს უწყობს ქვემო ქართლის აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობის ადგილობრივ საზოგადოებასთან შემდგომ ინტეგრაციას, არსებული სამართლებრივი პროცედურების შესახებ მათი ცოდნის გაუმჯობესებას და მათ წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებას, ასევე ეთნიკური აზერბაიჯანელების მონაწილეობას რეგიონში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში.