English version |
|
|||
|
მიწის რეგისტრაციის ხელშემწყობი სამუშაოები აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მილსადენის დერეფანში
სტატუსი: დასრულებული
სრული დასახელება: საკონსულტაციო მომსახურება, ინფორმირება და სწავლება; მიწის შეძენის/რეგისტრაციის ხელშეწყობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისათვის საქართველოში განხორციელების ადგილი: გარდაბანი, რუსთავი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი განხორციელების ვადა: აპრილი, 2002 - სექტემბერი, 2004 დაფინანსების წყარო: ”ბიპი”, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია, სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია
პროექტის მოკლე აღწერა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს გადააქვს ნედლი ნავთობი კასპიის ზღვის საბადოებიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით თურქეთის საზღვაო პორტ ჯეიჰანამდე. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით განხორციელდება გაზის ექსპორტი კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე. BP Exploration Ltd., მილსადენების მშენებლობის ოპერატორი კომპანია, ახორციელებს მიწაზე უფლებების შეძენას მილსადენების დერეფანში როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდისათვის, ამიტომ კომპანიას უწევს მიწის მესაკუთრეებთან და მოსარგებლეებთან მჭიდრო ურთიერთობა. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, როგორც ოპერატორი კომპანიის კონტრაქტორი, ეხმარება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის კომპანიებს საქართველოში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დადებაში და ამზადებს ამ გარიგებებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, უწევს მილსადენის კომპანიებს ტექნიკურ და საკონსულტაციო მომსახურებას მიწის საკუთრებასა და კომპენსაციების გაცემის საკითხებზე და მოქმედებს როგორც შუამავალი კერძო მესაკუთრეებსა და მილსადენის კომპანიებს შორის მიწის შესყიდვის პროცესში. ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მიწის მესაკუთრეებთან და აწვდის მათ სრულყოფილ ინფორმაციას პროექტის შესახებ, კერძოდ, ინფორმაციას მათი უფლებების, მიწის შეძენის/კომპენსაციების გაცემის პროცესისა და გრაფიკის შესახებ. ასოციაციის ბროშურები, საინფორმაციო ბიულეტენები და ჟურნალ “მიწის მესაკუთრის” სტატიები აშუქებს მიწაზე, მოსავალსა და მრავალწლიან ნარგავებზე კომპენსაციების გაცემის პრინციპებსა და მეთოდოლოგიას, ასევე მიწის შეძენის პროცედურებს. ასოციაცია უზრუნველყოფს მიწის რეგისტრაციას სამშენებლო დერეფანში აზერაბიჯანის საზღვრიდან თურქეთის საზღვრამდე. ასოციაციის სპეციალისტები ჩართულნი არიან კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაციაში, მონაწილეობენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიებსა და მიწის მესაკუთრეებს შორის გამართულ მოლაპარაკებებში. ასოციაცია ასევე ახორციელებს სამშენებლო დერეფანში მხცოვრები მოსახლეობის აზრის და მიმდინარე პროცესების მიმართ დამოკიდებულებისა შესწავლას. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ჯგუფები აგროვებენ მონაცემებს ნავთობსადენის მარშრუტზე სახელმწიფო მიწების ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოყენების შესახებ. ასოციაცია უზრუნველყოფს შეხვედრებს ნოტარიუსებსა და მესაკუთრეებს შორის უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის. შედეგად ასობით მიწის მესაკუთრე იღებს კომპენსაციას მიწის ნაკვეთებისათვის. პროექტი უზრუნველყოფს მილსადენების მშენებლობის დერეფანში მცხოვრები მოსახლეობის საკუთრების უფლებების დაცვას და ხელს უწყობს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორის წარმატებულ საქმიანობას. |
|||
|