სტატუსი: მიმდინარე
სრული დასახელება: განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტისთვის
განხორციელების ადგილი: სვანეთი
განხორციელების ვადა: ოქტომბერი, 2011 – თებერვალი, 2012
დამკვეთი: შპს “ტრანს ელექტრიკა ჯორჯია”
პროექტის მოკლე აღწერა:
2009 წელს საქართველოს მთავრობასა და ქართულ-ინდურ კომპანია “ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების თაობაზე. პროექტი ითვალისწინებს წელიწადში 1500 მლნ კილოვატსაათი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას მდინარე ენგურის ხეობაში.
მდინარე ენგურის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი დაახლოებით 3530 მეგავატია, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავების პოტენციალი - 10.3 მილიარდი კოლოვატსაათი. დღეისათვის 5.5 მილიარდი კილოვატსაათი უკვე ათვისებულია ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების მიერ. დარჩენილი გამოუყენებელი პოტენციალის ათვისების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება
ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით ქვეყნის სრულად უზრუნველყოფა და ჭარბი ენერგიის ექსპორტი.
“ტრანს ელექტრიკა ჯორჯიამ”, რომლის საქმიანობაც ფოკუსირებულია ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, ჩაატარა მრავალმხრივი ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები, რომელთა საფუძველზეც ჰესის მშენებლობის 4 ალტერნატიული ვარიანტიდან საუკეთესოდ მიჩნეული იქნა თავდაპირველი, საბჭოთა პერიოდში შემუშავებული პროექტი.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 778 მლნ აშშ დოლარია.
ხუდონჰესის მშენებლობის შედეგად დაიტბორება 528 ჰექტარი მიწა, მათ შორის, დასახლებული ტერიტორიებიც. წინასწარი მონაცემებით ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ოჯახების რაოდენობა, რომელთა განსახლებაც აუცილებელი გახდება, დაახლოებით 250-ია.
რადგან ხუდონჰესის პროექტის განხორციელება გამოიწვევს როგორც ფიზიკურ, ასევე ეკონომიკურ განსახლებას, საჭიროა განსახლების სამოქმედო გეგმის შემუშავება, რათა დაცული იქნეს ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ინტერესები და განისაზღვროს განსახლების პროცესის წარმართვისათვის საჭირო ღონისძიებები.
ხუდონის ჰიდოელექტროსადგურის პროექტის განსახლების გეგმის მომზადებაზე პასუხისმგებელია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ამ გეგმის მომზადებას ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის საფუძველზე.
განსახლების გეგმის მომზადებისთვის ასოციაცია უზრუნველყოფს ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების კომპენსირებისთვის საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ნორმების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მოთხოვნების ანალიზს; განსაზღვრავს შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების სახეებს, როგორიცაა საცხოვრებელი სახლების, ბიზნესისა და სამუშაო ადგილების, მომსახურებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვა, სოციალური ქსელის რღვევა, ბუნებრივ ტერიტორიებსა და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ან დაკარგვა; ატარებს ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის აღწერას და ადგენს ოჯახების შემადგენლობას, ასაკობრივ სტრუქტურას, საქმიანობას, სამუშაო ადგილებს, შემოსავლის წყაროებს; ატარებს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, მათ შორის, მიწის და მასზე არსებული ნარგავების ინვენტარიზაციას; ახდენს ამ ქონების კატეგორიზაციას და განსაზღვრავს მიწათსარგებლობის რეჟიმს; ადგენს კომპენსაციის მეთოდებს ქონების თითოეული კატეგორიისთვის; განსაზღვრავს საარსებო წყაროს აღდგენის ღონისძიებებს.
ქონების ინვენტარიზაციასა და შეფასებაში ჩართული არიან უძრავი ქონების პროფესიონალი შემფასებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფასებას, რაც შესაძლებელს გახდის პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობისთვის სანაცვლო ღირებულების კომპენსაციების შეთავაზებას.
განსახლების სამოქმედო გეგმა, რომლის მომზადებაც 2012 წლის თებერვალში დასრულდება, უზრუნველყოფს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის განსახლების პროცესის სამართლიანად წარმართვას.