English version |
|
|||
|
ხუდონჰესის საპროექტო არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება და შესწავლა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების რეგისტრაცია
სტატუსი: დასრულებული სრული დასახელება: ხუდონჰესის საპროექტო არეალში შემავალი მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება, შესწავლა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელების ადგილი: სვანეთი განხორციელების ვადა: აგვისტო - დეკემბერი, 2011 დამკვეთი: შპს “ტრანს ელექტრიკა ჯორჯია” პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრე მისი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალია. ჰიდროენერგეტიკის სექტორის განვითარება უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შეამცირებს ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო გაზის იმპორტის მოცულობას და ხარჯებს. მდინარე ენგურზე ხუდონის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო მშენებლობა 1989 წელს შეჩერდა. მოგვიანებით პროექტის განახლების და განხორციელების საკითხი არაერთხელ იქნა შესწავლილი. მრავალმხრივი კვლევებისა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საბჭოთა პერიოდში შემუშავებული კონცეფცია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საუკეთესო ვარიანტია. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაიწყოს. პროექტის განმახორციელებელია “ტრანს ელექტრიკა ჯორჯია”, ქართულ-ინდური კომპანია, რომელიც ჰიდროენერგეტიკული პროექტების დაგეგმვის, კვლევის, განხორციელების, ექსპლუატაციისა და მართვის სფეროში მუშაობს. პროექტის განხორციელების დაწყებამდე აუცილებელია საპროექტო არეალის შესწავლა და იმ მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება, რომლებიც პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცევა. “ტრანს ელექტრიკა ჯორჯიასთან” დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია უზრუნველყოფს 1200 ჰექტარი ფართობის საპროექტო არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებას და მათი საკუთრების ფორმის (კერძო, სახელმწიფო, უნებართვო სარგებლობა, რეგისტრირებული, დაურეგისტრირებელი) დადგენას; ასევე ნაკვეთების მესაკუთრეების/მოსარგებლეების განსაზღვრას. შესაბამისი სამუშაოები სრულდება საველე ჯგუფების მეშვეობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სარეგისტრაციო სამსახურებთან თანამშრომლობით. ასოციაციის სპეციალისტები ამზადებენ სახელმწიფო საკუთრებად იდენტიფიცირებული მიწის ნაკვეთების დეტალურ საკადასტრო აზომვით ნახაზებს და უზრუნველყოფენ ამ ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას; ასევე ეხმარებიან დამკვეთის წარმომადგენლებს სახელმწიფო მიწების საზღვრების ადგილებზე დემარკაციაში. შესრულებული სამუშაოების შედეგად დამკვეთს გადაეცემა დანაკვეთებული და დანომრილი რუკები და რუკებზე ასახული ნაკვეთების ნუსხა ფართობებისა და მესაკუთრეების მითითებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების დეტალური საკადასტრო აზომვითი ნახაზები და საჯარო რეესტრის ამონაწერები. საპროექტო არეალში შემავალი მიწის ნაკვეთების კვლევის შედეგების საფუძველზე პროექტის განმახორციელებელ კომპანიას მიეცემა მიწის ნაკვეთებზე პოტენციური ზემოქმედების მასშტაბის სრულად განსაზღვრის და ამ ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებისათვის საჭირო ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობა.
|
|||
|