HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება


სტატუსი:  მიმდინარე

სრული დასახელება:  ქ. თბილისში საბურთალოსა და ძველი თბილისის რაიონის მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე შენობების ინვენტარიზაცია, შენობებში არსებული დასამისამართებელი ერთეულების სქემატური ნახაზების მომზადება, ბინების დამისამართება და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნა

განხორციელების ადგილი:  თბილისი

განხორციელების ვადა:  აპრილი, 2011 – იანვარი, 2012

დამკვთი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო



პროექტის მოკლე აღწერა:

დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს დამისამართების განვითარებული სისტემა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში  არარსებული, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები ხშირად მოსახლეობას პრობლემებს უქმნის პირადობის მოწმობების აღების, ქონების რეგისტრაციის, კომუნალური გადასახადების გადახდის და საფოსტო გზავნილების მიღების თვალსაზრისით.

 2011 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ერთიანი სამისამართო რეესტრის შექმნის პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს დასახლებულ პუნქტებში აღარ იარსებებს უსახელო გზები და ქუჩები, ასევე გასწორდება შენობების ნუმერაცია.

რადგანაც უმისამართო ბინების პრობლემა ყველაზე მწვავედ თბილისის ძველ უბნებში იდგა, თავდაპირველად სწორედ ძველი თბილისის და ქალაქის ცენტრალური ნაწილის ინვენტარიზაცია დაიგეგმა.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში, ახორციელებს თბილისში საბურთალოსა და ძველი თბილისის ტერიტორიებზე არსებული შენობების დამისამართების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ამ ტერიტორიებზე მდებარე შენობებისა და ქუჩების ინვენტარიზაციას, შენობებში არსებული ერთეულების სქემატური ნახაზების მომზადებას, ბინების დამისამართებას და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნას.

პროექტის ფარგლებში ასოციაციის სპეციალისტები ადგილებზე აგროვებენ ინფორმაციას საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ქუჩების შესახებ, განსაზღვრავენ თითოეული ქუჩის დასაწყისსა და დასასრულს, აღწერენ არსებულ ხეივნებს, ბორდიურებს, უსაფრთხოების ობიექტებს, ხიდებსა და გვირაბებს, ადგენენ ქუჩების მიმართულებას და გზის საფარის ტიპებს;  აგროვებენ ინფორმაციას ყველა ტიპის, მათ შორის, საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, საკულტო, სპორტული, კულტურული, სახელმწიფო, სავაჭრო, ჯანდაცვის,  საბანკო, საწარმოო და სხვა ტიპის შენობებზე; მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ახდენენ ბინების, სარდაფების, სადარბაზოების, დერეფნების, დამხმარე სათავსების, ავტოფარეხების, საოფისე და კომერციული ფართობების იდენტიფიცირებას.  საპროექტო არეალში შემავალ ყველა დასამისამართებელ ერთეულზე მზადდება მათი განლაგების სქემა სართულების მიხედვით და ხდება მესაკუთრეების იდენტიფიკაცია.

ინვენტარიზაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და სქემატური ნახაზების საფუძველზე იქმნება გეომონაცემთა ბაზა, სადაც ყოველ კონკრეტულ შენობას ენიჭება შესაბამისი ნომერი, ებმება ინფორმაცია საკადასტრო კოდის, კომუნალური მომსახურების აბონენტის ნომრის, მესაკუთრეებისა და მობინადრეების შესახებ.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გამართული სამისამართო სისტემის შექმნას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შენობების და ქუჩების მიგნებას და აღქმას და იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს.