HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი:  დასრულებული

სრული დასახელება:  ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის განსახლების გეგმის მომზადება   

განხორციელების ადგილი:  გარდაბნის და საგარეჯოს რაიონები

განხორციელების ვადა:  დეკემბერი, 2010 – თებერვალი, 2011

დამკვეთი:  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი



პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოში დაახლოებით 450 მილიონი კუბური მეტრი ტევადობის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ქვეყანაში გაზის სტრატეგიული რეზერვის შექმნა, სეზონური მიღება-გაცემის დაბალანსება და გაზის ნაკადების ოპერატიული მართვა, საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე ალტერნატიული ადგილიდან შეირჩა საგარეჯოს რაიონის სოფელი ნინოწმინდა, რომელიც თბილისიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 40 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემაერთებელი მილსადენების გაყვანაც, რომელთა საშუალებითაც მომარაგდება გაზსაცავი და რომლებიც დაუკავშირდება საქართველოში არსებულ მაგისტრალურ გაზსადენებს.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებლის - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სოციალური პოლიტიკის შესაბამისად პროექტის განხორციელების დაწყებამდე აუცილებელია განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ინტერესების დაცვის და უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, პასუხისმგებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებაზე “რამბოლის ნავთობისა და გაზის კომპანიასთან” დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ამზადებს განსახლების სამოქმედო გეგმას ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისათვის.

აღნიშნული კონტრაქტის საფუძველზე ხორციელდება შემაერთებელი მილსადენის 50-მეტრიან დერეფანში და გაზსაცავის სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული კონკრეტული მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია და მათი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ნაკვეთებზე არსებული სიტუაციის შესწავლა და იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დადგენა, რომლებიც მოჰყავთ ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მიწაზე; ასევე  ყველა იმ  ობიექტის (შენობა-ნაგებობა, ფერმა, დამხმარე სათავსი, ღობე და ა.შ.) შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რომელიც შესაძლოა განთავსებული იყოს სამშენებლო ტერიტორიაზე.  ინვენტარიზაციის პროცესში ასოციაცია უზრუნველყოფს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გადამოწმებას; მიწის ნაკვეთების და მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება უშუალოდ ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ სოფლებში, ადგილობრივი მოსახლეობის, საკრებულოებისა და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურების წარმომადგენლების გამოკითხვის საფუძველზე.

აღწერის/ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაცია შეიტანება სპეციალურ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში, რომლის საშუალებითაც წარმოებს მიღებული მონაცემების დამუშავება. ამ კომპიუტერული მონაცემთა ბაზის გამოყენება შესაძლებელი იქნება განსახლების  სამოქმედო გეგმის განხორციელების დროსაც.

ასოციაცია ასევე უზრუნველყოფს მიწაზე უფლებების შეძენასა და განსახლებასთან  დაკავშირებით ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ანალიზს და მათ შორის არსებული განსხვავებების იდენტიფიცირებას; განსაზღვრავს კომპენსაციების გაანგარიშების მეთოდებს, შესასრულებელი სამუშაოების განრიგს და უზრუნველყოფს განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების სავარაუდო ბიუჯეტის გაანგარიშებას.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწობს ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის მესაკუთრეებისთვის სამართლიანი კომპენსაციების გაცემას და უარყოფითი სოციალური ზემოქმედების მინიმუმადე შემცირებას.