English version |
|
|||
|
“სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის სახელმძღვანელო კომენტარების მომზადება და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლების ტრენინგი
სტატუსი: დასრულებული სრული დასახელება: “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის სახელმძღვანელო კომენტარების მომზადება; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების ტრენინგი განხორციელების ადგილი: თბილისი; საქართველოს სხვადასხვა რეგიონები განხორციელების ვადა: სექტემბერი 2010 – სექტემბერი, 2011 დაფინანსების წყარო: საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროექტის მოკლე აღწერა: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრინციპებისა და ურთიერთობების სრულყოფის და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისს მიიღი კანონი “სახელმწიფო ქონების შესახებ”, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების მართვის სისტემის გამარტივებას და იმ სამართლებრივი ნორმების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრას, რომლებიც ასახული იყო სახელმწიფო ქონების მართვის მარეგულირებელ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში. “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონით გაუქმდა რამდენიმე კანონი, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის პროცესს არეგულირებდა. ახალი კანონის ამოქმედების შემდგომ დღის წესრიგში დადგა შესაბამისი სამინისტროების მიერ სახელმწიფო ქონების განკარგვის დეტალური პროცედურების შემუშავების, კანონის სახელმძღვანელო კომენტარების მომზადების, ახალ საკანონმდებლო ნორმებთან დაკავშირებით სათანადო უწყებების თანამშრომლების ტრენინგის და სახელმწიფო ქონების პრივატიზებით ან/და სარგებლობაში მიღებით დაინტერესებული პირების ინფორმირების საკითხები. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებაზე, თანამშრომლობს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონის სახელმძღვანელო ინსტრუქციის მომზადების და საკანონმდებლო სიახლეების თაობაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებისთვის სემინარების ჩატარების მიზნით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მზადდება მკითხველისთვის მარტივი და გასაგები ენით დაწერილი სახელმძღვანელო კომენტარები, რომლებიც ეხება ”სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონის სხვადასხვა ასპექტებს: სახელმწიფო ქონების აუქციონის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებას და რეალიზაციას; აუქციონებში მონაწილეობის პირობებს; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებს, იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სასოფლო მიწის პრივატიზების წესებს; სახელმწიფო ქონების პრივატიზებას პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებს; დასახლებების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებას; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებს. სახელმძღვანელო საშუალებას მისცემს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათ უფლება-მოვალეობებსა და კანონით დადგენილ პროცედურებზე. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი იქნება სამინისტროს და ასოციაციის ვებ-გვერდების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ქონების მართვის შესახებ სამართლებრივი საკითხების შესახებ საზოგადოების ცოდნის ამაღლებას. პროექტის განხორციელება ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამშრომლების პროფესიონალიზმის ზრდას. |
|||
|