English version |
|
|||
|
აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურის ჩამოყალიბების და განვითარების ხელშეწყობა
სტატუსი: დასრულებული
პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოში ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნის და ეკონომიკური განვითარების ტემპის დაჩქარების, ფინანსური ინსტიტუტების, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების განვითარების პარალელურად იზრდება მოთხოვნა როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების მაღალკვალიფიციურ შეფასებაზე. დღეისათვის უძრავი და მოძრავი ქონების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ქონების შეფასების უზრუნველყოფით სულ უფრო მეტი სახელმწიფო ინსტიტუტი ინტერესდება. მათ შორის არიან საგადასახდო და საბაჟო ორგანოები, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, აღსრულების ეროვნული ბიურო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და სხვა. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ფუნქციონირებს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახური, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა დაყადაღებული ქონების ობიექტური შეფასება და მისი საბაზრო ღირებულების დადგენა. დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, ასევე თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გააფორმა კონტრაქტი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეებთან შეფასების მოწინავე სტანდარტების დანერგვის მიზნით. პროექტის ფარგლებში ასოციაციის კონსულტანტები შეიმუშავებენ დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურის ინსტრუქციას და შეფასების ანგარიშის ფორმებს ქონების კატეგორიების მიხედვით, მათ შორის, უძრავი და მოძრავი ქონების, ბიზნესის და არამატერიალური ქონების შეფასების ანგარიშების ფორმებს, მონაწილეობენ თბილისში და რეგიონებში არსებული ქონების შეფასებაში, უზრუნველყოფენ სამსახურის მრჩევლების მიერ განხორციელებული შეფასების პროცესების კოორდინაციას და კონტროლს. ასოციაცია ასევე უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომლებისთვის მოძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული მომზადების პროგრამის საწავლებას. პროგრამა მოიცავს მოძრავი ქონების შეფასების მეთოდოლოგიის საფუძვლებს, მოძრვი ქონების კლასიფიკაციას და პირველადი ინფორმაციის მომზადებას, ცვეთის გაანგარიშებას შეფასების პროცესში, შეფასების ძირითად მეთოდებს, მოძრავი ქონების შეფასების თავისებურებებს, შესაბამისი დასკვნის მომზადებას. პროექტის განხორციელება ხელს უწყობს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაძლებლობების განვითარებას და გაძლიერებას და ქვეყანაში უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. |
|||
|