HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება


სტატუსი:  დასრულებული

სრული დასახელება:  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქონლის გადასარეკი ტრასების და დასასვენებელი მოედნების იდენტიფიკაცია, აგეგმვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით

განხორციელების ადგილი: კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები

განხორციელების ვადა:  აისი – ოქტომბერი, 2010

დაფინანსების წყარო:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო



პროექტის მოკლე აღწერა:

უკანასკნელ წლებში საქართველოდან ცოცხალი ცხვრის არაბულ ქვეყნებში ექსპორტის ზრდის შედეგად მეცხვარეობის დარგის განვითარება სულ უფრო აქტუალური ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დარგის პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდის გამო ფერმერები აქტიურად ინტერესდებიან ცხვრის მოშენებით, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდისათვის საჭიროა ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობა.  

მეცხოველეობის და, კერძოდ, მეცხვარეობის განვითარებისთვის პირველ რიგში აუცილებელია საქართველოში არსებული საქონლის გადასარეკი ტრასების რეგულირება და კონტროლი, რათა აღდგენილი, სისტემატიზებული და დაცული იქნეს ცხვრის ფარების გადარეკვის მარშრუტები და დასასვენებელი მოედნები, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად განადგურებული ან მიტაცებულია, ანდა უკანონოდაა პრივატიზებული.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ახორციელებს საქართველოში არსებული საქონლის გადასარეკი ყველა მარშრუტის და დასასვენებელი მოედნის ორთოფოტობზე დატანას არსებული რუკების საფუძველზე; ასოციაციის გის სპეციალისტები ადგილებზე ამოწმებენ არსებულ მონაცემებს; საველე-აგეგმვითი სამუშაოების შედეგად ზუსტდება საქონლის გადასარეკი ტრასების საზღვრები და მზადდება ამ ტრასების და დასასვენებელი მოედნების დეტალური საკადასტრო ნახაზები; ასოციაციის სპეციალისტები ასევე ახდენენ გადასარეკი ტრასების საზღვრებში მოქცეული იმ მიწის ნაკვეთების და მათი მესაკუთრეების და მოსარგებლეების იდენტიფიცირებას, რომლებიც ამჟამად პრივატიზებულია ან უკანონოდაა დაკავებული. შესრულებული სამუშაოების შედეგად იქმნება ერთიანი გის მონაცემთა ბაზა, რომელიც გადაეცემა საჯარო რეესტრს ამ ტერიტორიების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციისთვის.

პროექტის განხორციელების  შედეგად შესაძლებელი გახდება საქონლის გადასარეკი ტრასების აღდგენა-რეაბილიტაცია და ეფექტიანი მართვა და გამოყენება.