HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი:  დასრულებული

სრული დასახელება:  თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ფარგლებში მიწის გამოსყიდვის პოტენციური ეკონომიკური ზეგავლენის შესწავლა და განსახლების ჩარჩოს შემუშავება

განხორციელების ადგილი:  თბილისი

განხორციელების ვადა:  ივნისი, 2009 – ნოემბერი, 2009

დაფინანსების წყარო:   შპს “გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე, სოლუშენს”


პროექტის მოკლე აღწერა:

თბილისში სარკინიგზო მოძრაობის განტვირთვის და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შპს “საქართველოს რკინიგზა” გეგმავს ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას თბილისის შემოვლით. რკინიგზის ხაზი, რომელიც ამჟამად კვეთს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების სატრანსპორტო დერეფნის მთავარი შემაერთებელი ნაწილია. თბილისის გავლით ხდება აზერბაიჯანიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან   ნავთობის შავი ზღვის პორტებში გადაზიდვა, რაც მნიშვნელოვნად აბინძურებს ქალაქს. თბილისი ასევე არის ადგილობრივი და საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაადგილების მთავარი ცენტრი, რაც იწვევს ქალაქის ცენტრში საავტომობილო მოძრაობის გადატვირთვას.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი ითვალისწინებს თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურის და ქალაქის ცენტრში გამავალი სარკინიგზო ხაზების გაუქმებას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, რის შედეგადაც განიტვირთება ქალაქის ცენტრალური უბანი და განთავისუფლდება 83 ჰექტარზე მეტი ფართობი, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების მიზნით გამოიყენება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც პროექტის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია, მშენებლობის დაწყების აუცილებელი წინაპირობაა გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ასევე  მიწის გამოსყიდვის პოტენციური ეკონომიკური ზეგავლენის შესწავლა და განსახლების ჩარჩოს მომზადება.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონტრაქტორის  - შპს “გუტიძე  დამენია,  ჩანტლაძე სოლუშენსთან” დადებული კონტრაქტის ფარგლებში უზრუნველყოფს განსახლების ჩარჩოს მომზადებას. ამ მიზნით ასოციაცია რკინიგზის ალტერნატიულ მარშრუტებზე აწარმოებს შემოვლითი სარკინიგზო ხაზის პროექტის მიწაზე, უძრავ ქონებასა და მოსახლეობაზე ზემოქმედების აღწერას; საქართველოში უძრავი ქონების კომპენსაციასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზს და არსებული ნორმების ბანკის პოლიტიკასთან შესაბამისობის  დადგენას; საპროექტო ტერიტორიაზე მიწათმფლობელობის სტატუსის განსაზღვრას; საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ქონების კატეგორიზაციას და მესაკუთრეების დადგენას; კომპენსაციების ოდენობის განსაზღვრას თითოეული კატეგორიის უძრავი ქონებისთვის. საჭიროების შემთხვევაში ასევე ხორციელდება მოსახლეობის პოტენციური საარსებო წყაროების განახლების/აღდგენის შესაძლებლობების განხილვა და შეფასება. ასოციაციის სპეციალისტები აქტიურად აწარმოებენ კონსულტაციებს პროექტის მონაწილე ყველა მხარესთან, მათ შორის, მოსახლეობასთან პოტენციურ კომპენსაციასა და საარსებო წყაროების აღდგენის მეთოდებზე.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად მზადდება განსახლების ჩარჩო, რომელიც მოიცავს კომპენსაციების წინასწარ გათვლებს, განსაზღვრავს შესასრულებელ სამუშაოებს და ამ სამუშაოების განრიგს.

პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს იმ მოსახლეობის ეფექტიან განსახლებას, რომელზედაც გავლენას ახდენს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომლის განხორციელებაც გააუმჯობესებს თბილისში რკინიგზის ექსპლუატაციის უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს დედაქალაქში საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობის განტვირთვას, ხმაურის შემცირებას და ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებას, ასევე ქალაქის ურბანულ განვითრებას.