HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: ქ. თბილისის, ქ. ბათუმის და ქ. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურებისათვის გეომონაცემთა ბაზების ფორმირება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მთავარ სერვერზე განთავსება; გეომონაცემთა ბაზების სააგენტოს ვებ-გვერდზე გატანა და მათი რედაქტირების შესაძლებლობის უზრუნველყოფა სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით

განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. მცხეთა

განხორციელების ვადა: ნოემბერი, 2007 – დეკემბერი, 2007

დაფინანსების წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო


პროექტის მოკლე აღწერა:

მომხმარებელზე ორიენტირებული სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბება, მისი შემდგომი განვითარება და სარეგისტრაციო სამსახურებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა  სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდისა და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი და აუცილებელი წინაპირობაა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურებში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მოწინავე კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვას და მათ გამოყენებას უფლებათა რეგისტრაციისთვის.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე ქმნის გეომონაცემთა ბაზებს და მათი რედაქტირების კომპიუტერულ პროგრამას თბილისის, ბათუმისა და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურებისათვის. 

პროექტის ფარგლებში ასოციაცია უზრუნველყოფს სარეგისტრაციო სამსახურებში არსებული საკადასტრო ინფორმაციის, ასევე მიმდინარე რეგისტრაციებისას წარდგენილი ინფორმაციის კორექტირებას, გეომონაცემთა ბაზებში ინტეგრირებას და თითოეული ბაზის სააგენტოს მთავარ სერვერზე განთავსებას. პარალელურად ინერგება მონაცემთა შენახვისა და არქივირების მექანიზმები, მუშავდება გეომონაცემთა ბაზების რედაქტირების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონულ სარეგისტრაციო პროგრამებთან კავშირს და რამდენიმე ათეული სარეგისტრაციო პროგრამის ერთდროულად გამოყენებისას გრაფიკული და ალფანუმერული მონაცემების შეუფერხებლად რედაქტირებას, ბაზაში ინტეგრირებული მონაცემების ისტორიის დათვალიერების შესაძლებლობას როგორც ცალკეული ნაკვეთებისათვის, ასევე ერთიანი მასივებისათვის, ასევე ცალკეული სარეგისტრაციო პროგრამიდან მონაცემების რედაქტირების შემთხვევაში – ცვლილებების  გეოინფორმაცულ მონაცემთა ბაზაში ასახვას. 

სააგენტოს სპეციალისტების მიერ მითითებული პარამეტრების შესაბამისად იქმნება ციფრული საკადასტრო რუკის მოდელი, რომლის საფუძველზედაც ვებ მომხმარებელს ექნება რუკის სხვადასხვა ელემენტებისა და ნაკვეთების შესახებ ამონაწერების დეტალურად დათვალიერების შესაძლებლობა. რედაქტირების პროგრამა ასევე უზრუნველყოფს თბილისის, მცხეთის და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურებში ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გრაფიკული ცვლილების განხორციელებისას ამ  ცვლილების გეომონაცემთა ბაზაში ინტეგრირებულ საკადასტრო რუკაზე ასახვას.

პროექტის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ შესრულებული სამუშაოები ხელს უწყობს უფლებათა რეგისტრაციის სფეროში ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას, სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას და სარეგისტრაციო სამსახურების მიერ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას.