English version |
|
|||
|
ბორჯომისა და ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება
სტატუსი: დასრულებული სრული დასახელება: ქალაქ ბორჯომისა და დაბა ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიების (სოფლები: ვაშლოვანი, ლიკანი, ყვიბისი, რველი, ზანავი, კორთანეთი, ვარდგინეთი, ტაბაწყური, ბალანტი, მოლითი, ჭიხარულა; ტაბაწყურის ტბის მიმდებარე ტერიტორია) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება განხორციელების ადგილი: ბორჯომის რაიონი განხორციელების ვადა: სექტემბერი, 2007 – დეკემბერი, 2007 დაფინანსების წყარო: ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა
პროექტის მოკლე აღწერა: ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფისთვის სივრცითი დაგეგმარების თანამედროვე მიდგომების გამოყენებას სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობა, რომელიც განსაზღვრავს დასახლების სტრუქტურას, განაშენიანების პარამეტრებს, ტერიტორიის გამოყენების პრინციპებსა და მიმართულებებს, ქალაქმშენებლობისა და სივრცითი მოწყობის აუცილებელი წინაპირობაა. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, ბორჯომის მუნიციპალურ გამგეობასთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში, უზრუნველყოფს ბორჯომისა და ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შედგენას თანამედროვე გის ტექნოლოგიების გამოყენებით. გეგმის საფუძველზე განისაზღვრება ურბანული, სასოფლო და ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორიები; დასახლებების სტრუქტურა; ძირითადი საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციები; განაშენიანების განვითარების ადგილები; სუსტად განვითარებული სტრუქტურის მქონე ტერიტორიები; სივრცეები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის; სარეკრეაციო და საკურორტო, სოფლის მეურნეობის განვითარების, სატყეო მასივების დაცვისა და განვითარების ზონები; მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მიზნებისათვის გამოყენებული ადგილები; ასევე მიწათსარგებლობის პრინციპები და განვითარების პერსპექტივები. არსებული მდგომარეობის და ადგილობრივი თავისებურებების შეფასების, დასახლებების როლისა და სტრუქტურის შესწავლის საფუძველზე ასოციაციის სპეციალისტები ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შეიმუშავებენ საპროექტო ტერიტორიების განვითარების სტრატეგიას. ასოციაცია უზრუნველყოფს აღნიშნული ტერიტორიების ტოპოგრაფიულ გადაღებას და ვერტიკალურ დაგეგმარებას; მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის მომზადებას და ზონირების რუკების შედგენას, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიებს ყოფს ზონებად მიწათსარგებლობის ტიპის მიხედვით და განსაზღვრავს მიწათსარგებლობისა და განაშენიანების ძირითად ასპექტებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს საპროექტო ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესის შემუშავებას, კვლევის შედეგების სისტემატიზაციას და მონაცემთა ბაზების ფორმირებას. მიმდინარე სამუშაოების პარალელურად ხორციელდება ხარისხის კონტროლი ISO 9000, 9001 და 19011 სტანდარტების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. საბოლოო პროდუქციის სახით დამკვეთს გადაეცემა თემატური ანგარიშები, მიწათსარგებლობის სახელმძღვანელო პრინციპები და რეკომენდაციები, მიწათსარგებლობის ზონირების ზოგადი და დეტალური რუკები, რომლებიც ასახავს საპროექტო ტერიტორიების სტრუქტურას და განვითარების პერსპექტივებს. პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ბორჯომის რაიონის სივრცითი განვითარების ადგილობრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებას; განსახლების, მიწათსარგებლობისა და მშენებლობის პროცესების რაციონალურად წარმართვას; საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურების განვითარებას, საპროექტო ტერიტორიების სოციალური და ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოს დაცვის უზრუნველყოფას. |
|||
|