HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი: მიმდინარე

სრული დასახელება: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების აზომვითი ნახაზების შედგენის, მიწის ნაკვეთის ახალი მიწათმფლობელობების და მიწათსარგებლობების შექმნის, არსებულის მოწესრიგებისა და საზღვრების დადგენისათვის საჭირო აზომვითი ნახაზების დამზადების სამუშაოები

განხორციელების ადგილი: საქართველო (კონფლიქტის ზონების გარდა)

განხორციელების ვადა: აპრილი, 2007 – დეკემბერი, 2012

დაფინანსების წყარო:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული რეგიონი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ბოლო დროს რეგიონში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა არსებული ეკონომიკური პოტენციალის ათვისებას, კერძო მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის განვითარების სტიმულირებას, მოსახლეობის დასაქმებას და ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნას.

აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პრივატიზების პროცესია, რომელიც 2004 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. აჭარის მთავრობა ინვესტორებს მრავალ საინტერესო წინადადებას სთავაზობს, მათ შორის, მრავალ ტურისტულ, სამრეწველო და სავაჭრო ობიექტს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით იქნება პრივატიზებული.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის და საპრივატიზებოდ მომზადების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გააფორმა კონტრაქტი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგბობების აზომვითი სამუშაოები და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა და დაზუსტება.

პროექტის ფარგლებში ასოციაციის სპეციალისტები აზომვით სამუშაოებს ასრულებენ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე მცირე საწარმო და სამრეწველო ობიექტებზე, ასევე ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების ტერიტორიებზე მდებარე სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობსა და მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე.

აზომვითი ნახაზები სრულდება საპროექტო ნახაზების შედგენის დადგენილი პარამეტრების შესაბამისად; დამკვეთისათვის მზადდება ელექტრონული მონაცემთა ბაზა UTM პროექტის და WCS 84 კოორდინატთა სისტემის სახით, სადაც შეიტანება შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებული ინფორმაცია.

შენობა-ნაგებობების გეგმები მზადდება ტექნიკური პასპორტის სახით, რომელიც მოიცავს ტოპო- და სიტუაციურ გეგმებს მიმდებარე შენობებისა და ტერიტორიების ჩვენებით. მოთხოვნის შემთხვევაში თითოულ ტექნიკურ პასპორტს თან ერთვის განმარტებითი ბარათი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მესაკუთრის შესახებ, შენობის კონსტრუქციული ელემენტების შემადგენელი ნაწილების დახასიათებას მათი სახეობების (ხე, ქვა, რკინა და სხვა) მითითებით, ინფორმაციას ექსპლიკაციების, შენობის პარამეტრების, სათავსოების ფართობისა და მოცულობის შესახებ.

შესრულებული სამუშაოების საფუძველზე ხორციელდება პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაცია, რაც ხელს უწყობს ამ ობიექტების პრივატიზაციის დაჩქარებას, რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას და უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციებით სამეურნეო ობიექტების რეაბილიტაციას.