HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება

         


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გაგრის, გალისა და გუდაუთის რაიონების მაღალტექნოლოგიური გეოინფორმაციული სისტემების შექმნა

განხორციელების ადგილი: სოხუმი, გულრიფში, ოჩამჩირე,  გაგრა, გალისა და გუდაუთის რაიონები; აფხაზეთი

განხორციელების ვადა: ნოემბერი, 2006 - დეკემბერი , 2007

დაფინანსების წყარო: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო


პროექტის მოკლე აღწერა

საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 250000 ადგილობრივი მოსახლე იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობა ეთნიკური ქართველია. შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტიდან ათ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ აფხაზეთიდან დევნილთა მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნება. მათი უმეტესობა ამჟამად საქართველოში და სხვადასხვა უცხო ქვეყნებში ცხოვრობს.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საპრეზიდენტო პროგრამა “ჩემი სახლი”, რომლის მიზანია ლტოლვილების/იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლებების დაცვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში. ამ პროგრამის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ახორციელებს პროექტს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების მესაკუთრეების იდენტიფიცირების, მათ საკუთრებაში არსებული ქონების და ამ ქონებაზე უფლებების აღრიცხვის მიზნით.

პროექტი მოიცავს 156,708 ჰექტარ ტერიტორიას სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირეში, გაგრაში და გალისა და გუდაუთის რაიონებში. ასოციაცია ახორციელებს სატელიტური ფოტოებისა და ტოპოგრაფიული რუკების პირველად დამუშავებას, ახდენს კოსმოსური სურათების კოორდინირებას საქართველოს სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში თანამედროვე კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის (EDRAS) მეშვეობით და ამზადებს ორთოფოტოებს საკადასტრო ინფორმაციის დასატანად. ვიზუალური ამოცნობის საფუძველზე ორთოფოტოებზე და მაღალი სიზუსტის ტოპოგრაფიულ რუკებზე გამოისახება მიწის ნაკვეთები და სხვა ტოპოგრაფიული ობიექტები. გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც შეტანილი იქნება ხელმისწვდომი ინფორმაცია თითოეულ ობიექტზე, პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქონებრივი ობიექტებისა და სხვა კარტოგრაფიული ელემენტების ციფრული მოდელების ფორმირებას თანამედროვე კომპიუტერული პროგრამის (ArcGlobe) საშუალებით.

ასოციაცია ქმნის სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამას დევნილთა ქონების აღრიცხვისათვის. ინფორმაციის მოპოვება დევნილთა ქონების შესახებ ხორციელდება სხვადასხვა წყაროებიდან. ამ მიზნით გამოიყენება დევნილების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები, საარქივო დოკუმენტაცია, მისამართების სიები, სატელეფონო სიები, ქუჩების დასახელებები, სახლების ნუმერაცია და მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკები. ამ ინფორმაციის გადამუშავების და მონაცემთა ბაზაში შეტანის შემდეგ შესაძლებელია გრაფიკული ინფორმაციის დევნილთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირება. აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდეგ ასოციაცია ასევე უზრუნველყოფს სააღრიცხვო ბარათების და საკადასტრო რუკების მომზადებასა და ბეჭდვას და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიღებას უძრავი ქონების თითოეულ ერთეულზე.

პროექტის ფარგლებში იქმნება სპეციალური ინტერნეტ-საიტი, სადაც განთავსდება მონაცემები აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების და მისი მესაკუთრეების შესახებ.  ამ საიტის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ინფორმაცია, ვინ  არის  კონკრეტული უძრავი ქონების (შენობის/მიწის ნაკვეთის) მესაკუთრე.

პროექტი ასევე ითვალისწინებს მიზნობრივი ჯგუფებისათვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს მიწასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საპრეზიდენტო პროგრამაზე. ასოციაცია თავის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში ხსნის დროებით პუნქტებს დევნილებისათვის, სადაც მათ შეუძლიათ ქონებრივი დეკლარაციების შევსება.

პროექტის განხორციელებით ასოციაციას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებაში, რომლის მიზანია ლტოლვილების/იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების აღიარება და აღრიცხვა; პროექტი მნიშვნელოვანია ასოციაციისათვის იმითაც, რომ ორგანიზაციამ პირველად მიიღო აფხაზეთის კონფლიქტურ რეგიონში საქმიანობის განხორციელების მანდატი.