HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება

         


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: ტყის ინვენტარიზაცია და მისი მართვის სახელმძღვანელო კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისათვის

განხორციელების ადგილი: კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია

განხორციელების ვადა: აგვისტო, 2006 - იანვარი, 2007

დაფინანსების წყარო: მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტო


პროექტის მოკლე აღწერა

კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რთულია და ღრმა ეკონომიკური კრიზისითა და უკიდურესად ცუდი საცხოვრებელი პირობებით ხასიათდება. ადგილობრივი მოსახლეობის უმუშევრობის დონე მაღალია, ეკონომიკური განვითარების დონე - დაბალი, ხოლო ინფრასტრუქტურა - განუვითარებელი. ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების ნაკლებობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა დაკავებულია პრიმიტიულ ფერმერულ მეურნეობებში საქმიანობით,  როგორიცაა საქონლის ძოვება, ხის ჭრა, თევზჭერა და ნადირობა, რაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კოლხეთის ეროვნული პარკის რესურსების გამოყენებაზე. რესურსებით ამგვარი სარგებლობა ხშირ შემთხვევებში ზიანს აყენებს გარემოს და იწვევს მის დეგრადაციას.

2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი კოლხეთის ეროვნული პარკის რესურსების დაცვის რეჟიმის შესახებ, კერძოდ, კოლხეთის ეროვნულ პარკში შეიქმნა ტრადიციული გამოყენების ზონა. პარკის ეკოსისტემის შესწავლის შემდეგ გამოიყო სპეციალური ტერიტორიები ტრადიციული გამოყენების ზონის შესაქმნელად, სადაც მოსახლეობას უფლება აქვს ისარგებლოს პარკის რესურსებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში და არსებული წესების შესაბამისად.

პროექტის მიზანია კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ტყის ინვენტარიზაცია და სახელმძღვანელო პრინციპების მომზადება შეშის მოპოვების წლიური დასაშვები რაოდენობის განსაზღვრისა და ტყეკაფების გამოყოფისათვის.

პროექტის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენლები აანალიზებენ კოლხეთის ეროვნული პარკის მართვის გეგმას, ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილავენ ტყის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს; სატყეო რუკების, სატელიტური ფოტოების, ორთოფოტოების და სხვა გრაფიკული მასალების ანალიზის საფუძველზე ახდენენ სამოდელო ნაკვეთების იდენტიფიცირებას, ახორციელებენ საველე სამუშაოებს ამ ნაკვეთებზე ტყის შემადგენლობის შესასწავლად და ხეების ჯიშების, ასაკისა და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების დასადგენად. მიღებული ინფორმაცია აისახება ტყის კორომების რუკებზე. საბოლოოდ იქმნება ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც შეიტანება კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ტყეების ყველა პარამეტრი.

ასოციაციის სპეციალისტები ამზადებენ კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ტყეების მართვის სახელმძღვანელოს. ამ სახელმძღვანელოში მოცემული მითითებების გამოყენება უზრუნველყოფს კოლხეთის ეროვნული პარკის ტყეების და ეკოსისტემების მდგრად განვითარებას და ტყის რესურსების მიზანშეწონილ გამოყენებას.