HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება

 


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: მიწის ბაზრის განვითარება II

განხორციელების ადგილი: საქართველო (კონფლიქტის ზონების გარდა)

განხორციელების ვადა: აგვისტო, 2005 - სექტემბერი, 2010

დაფინანსების წყარო: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო


პროექტის მოკლე აღწერა

საქართველოში ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს ინტენსიური მიწათმოქმედებისთვის, ჯერჯერობით სახელმწიფო საკუთრებაში რჩება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სოფლის მეურნეობის განვითარებას. სახელმწიფოსა და ამ მიწების მოიჯარეებს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებები ვერ უზრუნველყოფს ინვესტორთა დაინტერესებას და სასოფლო სექტორში სერიოზულ ინვესტირებას. მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების არარსებობა ზღუდავს ფერმერების მიერ კერძო საკრედიტო რესურსების მოზიდვისა და მათი მეურნეობების განვითარების შესაძლებლობას. ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სექტორის სწრაფი განვითარებისთვის საჭიროა სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო მიწების პრივატიზება.

მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მეორე ეტაპის მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის პროცესის დასრულება, მიწის ბაზრის განვითარებისა და საკუთრების უფლებების რეგისტრაციის გამჭვირვალე და ეფექტიანი სისტემის შექმნის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ახორციელებს ფართომასშტაბიან სამუშაოებს საქართველოს ყველა რეგიონში. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო მიწის პრივატიზების კანონის აღსრულების მიზნით ასოციაცია შეიმუშავებს პრივატიზაციის ეფექტიან და გამჭვირვალე პროცედურებს, მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის სამმართველოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომისიებთან და აწვდის მათ რეკომენდაციებს პრივატიზაციის პროცესის მართვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ასოციაცია ახორციელებს პრივატიზაციის პროცესის მონიტორინგს და უზრუნველყოფს როგორც გაიჯარებული, ისე იჯარით გაუცემელი მიწების პრივატიზებას.

პრივატიზების პროცედურების და პრივატიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით ხორციელდება საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით პუბლიკაციების, საინფორმაციო ბროშურების, საჯარო შეხვედრების, პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ასოციაციის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებშიც.

ასოციაცია ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას და ამ მიზნით გადასცემს საკადასტრო და სარეგისტრაციო ინფორმაციას რაიონულ სარეგისტრაციო სამსახურებს, აწვდის საჯარო რეესტრის თანამშრომლებს რეკომენდაციებს ეფექტიანი სარეგისტრაციო პროცედურების დანერგვის თვალსაზრისით.

პროექტი ასევე ითვალსიწინებს აჭარაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის დასრულებას და ე.წ. “თეთრი ლაქების” პირველადი რეგისტრაციის განხორციელებას, რომლებზედაც აზომვითი სამუშაოები არ ჩატარებულა. ასოციაცია ამზადებს საკადასტრო ინფორმაციას, რუკებს და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციას და აწყობს საჯარო გამოფენებს სარეგისტრაციო ინფორმაციაში სათანადო შესწორებების შესატანად.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა საძოვრების ეფექტიანი მენეჯმენტის მოდელის შესამუშავებლად. ასოციაცია თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან მიწის პოლიტიკის საკითხებზე და აწყობს შეხვედრებსა და სემინარებს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს როგორც მიწის ბაზრის, ისე სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას და კრედიტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ხელს უწყობს მომხმარებელზე ორიენტირებული სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბებას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებას.