HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება

 


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: მიწის ბაზრის განვითარების ხელშემწყობი სამუშაოები

განხორციელების ადგილი: საქართველოს 52 რაიონი

განხორციელების ვადა: მაისი, 2001 - ივლისი, 2005

დაფინანსების წყარო: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ტერა ინსტიტუტი


პროექტის მოკლე აღწერა

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც გაცემული იქნა მილიონზე მეტი მიწის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატი, 2000 წლისათვის 1 500 000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი კვლავ დაურეგისტრირებელი რჩებოდა. ამ ნაკვეთების რეგისტრაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც მიწის ბაზრის, ასევე სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისთვის.

საქართველოს ყველა რეგიონში (აფხაზეთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის შემდგომი ეტაპის განხორციელებისა და კერძო საკუთრებაში გადაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის დასრულების მიზნით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გააფორმა კონტრაქტი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასა და ამერიკულ ორგანიზაცია “ტერა ინსტიტუტთან” .

მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში ასოციაცია ახორციელებს საკუთრების უფლებების რეგისტრაციის სამუშაოებს 2,4 მილიონზე მეტ მიწის ნაკვეთზე და ამ მიზნით აწარმოებს საველე საკადასტრო სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით, თითოეულ საკრებულოში აწყობს საკადასტრო და სარეგისტრაციო ინფორმაციის საჯარო გამოფენებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფისა და სარეგისტრაციო ინფორმაციაში სათანადო შესწორებების შეტანის მიზნით და გადასცემს შესწორებულ ინფორმაციას შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურებს.

პროექტის ფარგლებში ასოციაცია ხელს უწყობს მიწასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას მიწისა და სხვა უძრავი ქონების საკუთრების საკითხებზე, ატარებს სემინარებს, ტრენინგებს და საჯარო შეხვედრებს მიწის  პოლიტიკის საკითხების განსახილველად; თანამშრომლობს ბროკერებთან, შემფასებლებთან, ნოტარიუსებთან და რეგისტრატორებთან უძრავი ქონების ბაზარში მონაწილე ჯგუფების პროფესიული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით; გამოსცემს ჟურნალ ”მიწის მესაკუთრეს”, სადაც შუქდება მიწის მესაკუთრეებისა და ფერმერებისათვის საინტერესო საკითხები; უწევს იურიდიულ დახმარებას და საადვოკატო მომსახურებას ასობით მიწის მესაკუთრეს და ახორციელებს მინი-პროექტს დავების არბიტრაჟისა და მედიაციის მეშვეობით მოგვარების ალტერნატიული გზის დასამკვიდრებლად.

სასოფლო მიწის რეფორმის დასრულების მიზნით ასოციაცია ამზადებს კანონპროექტს სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის დამატებითი პრივატიზების თაობაზე, ახორციელებს საცდელ პროექტებს შერჩეულ საკრებულოებში და ამუშავებს სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო მიწის პრივატიზების საცდელ პროცედურებს.

მიწის ბაზრის განვითარების პროექტის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საკუთრების რეგისტრაციის სისტემის სრულყოფის, ასევე სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისათვის.