HomeMap
APLR
 
English version

განვლილი გზა

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის განვითარების ქრონოლოგია აღწერს ორგანიზაციის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, რომელთა შედეგადაც ასოციაცია საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციად და მდგრად, თანამედროვე და ეფექტიან ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები

აგვისტო,  2012  - ასოციაციის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია.

ივლისი, 2010 - ასოციაციის წევრთა საერთო კრება ახალ დირექტორად ირჩევს დირექტორის მოადგილეს და პროექტების მენეჯერს, ირაკლი სონგულიას.  ასოციაციის დირექტორი დავით გიორგაძე ინიშნება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ.

ოქტომბერი, 2008 - იქმნება მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო, რომელიც აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის -  ISO/IEC 17024:2008  “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” მოთხოვნების დაცვით. იწყება უძრავი ქონების ამზომველების და შემფასებლების და უფლებათა რეგისტრაციიის ელექტრონიული პროგრამის მომხმარებლების პროფესიული სერტიფიკაციის პროცესი.

სექტემბერი, 2008 - ასოციაცია ერთვება  იმ მოსახლეობის მიწასა და სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, რომლებზედაც გავლენა მოახდინა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა: იწყება  იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გადაცემული სახლებისა და მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია და  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიტოვებული უძრავი ქონების მონაცმთა ბაზის შექმნა.

აგვისტო, 2006 - ასოციაცია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კიდევ ერთი პირდაპირი გრანტით იწყებს ლტოლვილებთან/იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ პირველ პროექტს, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონების რესტიტუციის მიზნით საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად.

აგვისტო, 2006 - მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელ სააგენტოსთან პარტნიორობით პირველად იწყებს სატყეო სექტორის განვითარების პროექტებზე მუშაობას. ასოციაცია იღებს კონტრატს საქართველოს ტყეების მნიშვნელოვან ნაწილში ინვენტარიზაციის განსახორციელებლად.

ოქტომბერი, 2005 - დავით გიორგაძე, ასოციაციის პროექტების მენეჯერი, არჩეულია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორად. ყოფილი დირექტორი ჯაბა ებანოიძე რამდენიმე თვის შემდეგ ინიშნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ.

აგვისტო, 2005 - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ასოციაციასთან დებს პირდაპირ კონტრაქტს მიწის ბაზრის განვითარების პროექტის შემდგომი ეტაპის განსახორციელებლად. ასოციაცია ხდება ერთ-ერთი პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პირდაპირი კონტრაქტორია.

ივნისი, 2005 - ასოციაციის აქტიური მხარდაჭერით პარლამენტი იღებს კანონს სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციის თაობაზე. იწყება სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხური.

მარტი, 2005 - ასოციაცია ურბანულ ინსტიტუტთან  ერთად იწყებს თავის პირველ რეგიონული ეკონომიკური განვითარების პროექტს აჭარაში.

თებერვალი, 2003 - ასოციაცია ატარებს სამხრეთ კავკასიის მიწის პოლიტიკის კონფერენციას თბილისში, რომელსაც ესწრება 100-ზე მეტი მიწის ექსპერტი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აპრილი, 2002 - ასოციაცია იწყებს “ბრითიშ პეტროლიუმთან”  თანამშრომლობას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სამშენებლო დერეფანში მიწაზე უფლებების შეძენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

თებერვალი, 2002 - იწყება ყოველთვიური გაზეთის - “მიწის მესაკუთრე”- გამოცემა, სადაც შუქდება ფერმერებისა და სოფლის მოსახლეობისთვის საინტერესო საკითხები.

 მაისი, 2001 - მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია და “ტერა ინსტიტუტი” იწყებენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ერთობლივად განხორციელებას პრივატიზებული სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის დასრულების მიზნით.

აგვისტო, 1999 - ჯაბა ებანოიძე, ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არჩეულია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორად. ვანო მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი ხდება.

მაისი, 1999 - იწყება სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს 2.5 მილიონი მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემას. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემისათვის აუცილებელი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში და ახორციელებს რეგისტრაციის პროცესის მონიტორინგს.

თებერვალი, 1998 - იხსნება პირველი რეგიონული ოფისი ქუთაისში, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მიმდინარე სამუშაოები. რამდენიმე თვეში იხსნება კიდევ ერთი რეგიონული ოფისი ახალციხეში.

ოქტომბერი, 1997 - ასოციაცია იწყებს საველე საკადასტრო სამუშაოების მონიტორინგს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიწის ბაზრის განვითარების პროექტის  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული კომპანია  “ბუზ-ალენი და ჰამილტონი” და აქტიურად მონაწილეობს მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო საკანონმდებლო გარემოს განვითარებაში.

მაისი, 1997 - ასოციაცია ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით ასრულებს თავისი პირველი პროექტის განხორციელებას და ბეჭდავს და ავრცელებს მიწის კანონმდებლობის ცნობარს მიწის მესაკუთრეთათვის. 

ნოემბერი, 1996 - მიწის ექსპერტების, ეკონომისტების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ქმნის მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას უძრავი ქონების მესაკუთრეთა უფლებების დაცვის, მიწის რეფორმის განხორციელებისა და სათანადო საკანონმდებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით. ვანო მერაბიშვილი, პროფესიით ტოპოგრაფი, არჩეულია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორად.